ტუ-154-ის კატასტროფის მიზეზი აფეთქება იყო

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს სმოლენსკის ავიაკატასტროფის გამოძიების ქვეკომისიის თავმჯდომარის ანტონი მაცერევიჩის განცხადებით, ტუ-154-ის კატასტროფის მიზეზი აფეთქება გახდა.

ამის შესახებ მაცერევიჩმა პოლონური ტელერარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მგზავრები აფეთქების შედეგად, მიწასთან შეხებამდე დაიღუპნენ“,-აღნიშნა მაცერევიჩმა.

მისი თქმით, კომიტეტის საბოლოო ტექნიკური ანგარიში რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

კატასტროფის გამოძიების კომისიამ ადრე დაასკვნა, რომ 2010 წლის 10 აპრილს თვითმფრინავის მარცხენა ფრთა შიდა აფეთქების შედეგად განადგურდა და არა ხესთან შეჯახებისას.

რუსეთს პოლონური მხარისთვის ამ დრომდე არ აქვს გადაცემული საპრეზიდენტო თვითმფრინავის ნაწილები.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ამ ქმედებით რუსეთი იძლევა ვარაუდის საბაბს,რომ კატასტროფის ნამდვილი მიზეზი იმალება.

თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ თუ საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა, ასაფეთქებელ მოწყობილობას ბორტზე მხოლოდ პოლონეთიდან აიტანდნენ.

2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან ტუ-154-მა კატასტროფა განიცადა, რომლის ბორტზე პოლონეთის მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ.

კატასტროფის შედეგად სულ 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ეკიპაჟის 7 წევრი.

 

 

pia.ge