ქორწილში მომხდარი ძალადობა [ვიდეო]

ინციდენტი, რომელიც ზაფხულში, ალი-იურტაში , ქორწილის დროს მოხდა, ინგუშეთის პრეზიდენტის , იუნუს ევკუროვის , რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს და სასულიერო პირების შეხვედრის მთავარი მიზეზი გახდა.

ევკუროვის თქმით, სიძის ე.წ. “მეგობრის” მიერ, პატარძლის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობა იმის ნიშანია, რომ ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს მშობლების მხრიდან სათანადო აღზრდა აკლია. “გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეს “მეგობარი” სოფლის თავკაცის შვილია, რომლის მხრიდანაც ადეკვატური რეაქცია ჯერჯერობით არ ყოფილა. ჩვენს საზოგადოებაში მსგავსი საქციელი დაუშვებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში – მკაცრი განკიცხვის საგანია. სახლში, სადაც მამაა, უფროსი მამაკაცი, ღირსების გრძნობა ბავშვის ცნობიერებაში ადრეული ასაკიდან უნდა იყოს ჩადებული, ამიტომ, პასუხისმგებლობა მის არასწორ საქციელზე ნათესავებსაც ეკისრებათ”-დაწერა ევკუროვმა სოციალურ ქსელში.

როგორც გაზეთი «ИНГУШЕТИЯ» იუწყება, რელიგიურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა მუჰამედ-ხაჯი ალბოგაჩიევმა განაცხადა, რომ ისლამში მიუღებელია  სუსტის დაჩაგვრა, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი შენდამი პატივისცემას ამჟღავნებს. “მამამ უნდა აგოს პასუხი შვილის ქმედებებზე”- აღნიშნავს ალბოგაჩიევი.

როგორც ნაზრანის რაიონის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, “მექორწილე დებოშიორის” მამამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე კი ევკუროვმა უშიშროების საბჭოს აპარატს,  სოფელ ალი-იურტას მეთაურის მიმართ სათანადო ზომების გატარება დაავალა.

ინციდენტი ალი-იურტაში გასული წლის  10 ივლისს მოხდა. ერთ-ერთმა სტუმარმა, ძველებური ინგუშური ჩვეულება “ენის გახსნა” დაამახინჯა და პატარძალს თავზე ვისკი დაასხა. სიძის მეგობრის არაადეკვატურ ქმედებას საზოგადოების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. იუთუბზე გავრცელებულმა ვიდეომ ინგუშეთში და მის საზღვრებს გარეთ დიდი მღელვარება გამოიწვია. “ენის გახსნის” ჩვეულება, რომელსაც აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ დედამთილი და უფროსი ასაკის  მამაკაცები,  გულისხმობს პატარძლის მიერ უფროსებისთვის ფიალით წყლის მირთმევას. ამასთან, ახალგაზრდები ცდილობენ, გაართონ პატარძალი, ხუმრობენ, თუმცა მან უნდა გაუძლოს და ხმა მხოლოდ ფულის გადახდის შემდეგ ამოიღოს. თანხა კი  ტრადიციის თანახმად, დედამთილს უნდა გადასცეს.

INFOPOSTALIONI.COM